- მოკლედ
- Posts
- ☕️ თავისუფლების დღე
☕️ თავისუფლების დღე
კიდევ: საქართველო ტრანსფერმარკეტის თასს გამოეთიშა
👋 გასული კვირის მთავარი ამბავი დონალდ ტრამპის “საპასუხო ტარიფებია”, რომლის შედეგად, მხოლოდ დღეს, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე დანაკარგმა 3.1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. თუ ეს რიცხვი არაფერს გეუბნებათ, გეტყვით, რომ ეს არის ყველაზე დიდი ზარალი, რაც 2020 წლის პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა.
— გიორგი ჩავლეშვილი, გიორგი ბეროშვილი
მთავარი ამბავი
თავისუფლების დღე, ანუ ტარიფები მთელ მსოფლიოს

ამ სურათზე მოგვიანებით მოგიყვებით
5 აპრილის ძალაში შევიდა აშშ-ს ტარიფები, რომელმაც ამერიკაში ექსპორტიორი ყველა ქვეყანა მოიცვა. გადაწყვეტილების მიხედვით, საწყისი ტარიფი 10%-ია რასაც ე.წ. საპასუხო ტარიფები ემატება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამერიკულ პროდუქტს “არასამართლიან” ბარიერს უქმნის.
“საპასუხო - ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ისინი გვიკეთებენ, ჩვენც იმავეს გავუკეთებთ, ძალიან მარტივია” თქვა ტრამპმა მიმართვისას. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის საპასუხო ტარიფები იმის ნახევარი იქნება, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ დაწესებული (მაგალითად, თუ ევროკავშირს 40% ტარიფი აქვს დაწესებული ამერიკულ საქონელზე, საპასუხო ტარიფი 20% იქნება, მაგრამ ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ).
ტრამპის მიერ გამოყენებულ ცხრილზე ბევრი მიმი შეგხვდებოდა (ჩვენი ჩათვლით), თუმცა მთავარი აქ ციფრებია. ტარიფები ძალაში 9 აპრილს შევა და მოიცავს:
34%-იან ტარიფს ჩინეთზე. გარდა ამისა, ტრამპს უკვე გამოცხადებული ჰქონდა 20% ტარიფი, ამიტომ ეს დიდ გავლენას იქონიებს ჩინურ საქონელზე (2024 წელს ჩინურმა იმპორტმა 439 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა).
იაპონურ საქონელს 24%, ვიეტნამს 46%, ევროკავშირს კი, 20% ტარიფი დაუწესდა.
რას ნიშნავს ეს? ტრამპის თქმით, აშშ, სავაჭრო პარტნიორების მიმართ, წამგებიან მდგომარეობაშია, შესაბამისად, ტარიფები “სამუშაო ადგილებსა და ქარხნებს უკან დააბრუნებს” (აქამდეც გსმენიათ?)
სხვების აზრით, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები ანელებს ეკონომიკას და ზრდის ფასებს მომხმარებელთათვის — გაზრდილი ტარიფი გაზრდილ ფასს ნიშნავს, რაც საბოლოოდ მომხმარებლის, და არა პარტნიორი ქვეყნის გადასახდელია.
მაინც, საიდან გაჩნდა “საპასუხო” ტარიფები? ზოგადი 10%-იანი ტარიფის გარდა, ტრამპის თქმით, აშშ სავაჭრო პარტნიორებს “განახევრებულ” საპასუხო ტარიფს დაუწესებს. მაგრამ ეს ციფრი, შეიძლება ითქვას, სანახევროდ გამოგონილია. უბრალოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ აიღო სავაჭრო დეფიციტი, გაყო მთლიან იმპორტზე, შემდეგ კი მიღებული ციფრი გაანახევრა. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ ევროკავშირის მაგალითზე, აშშ-ის დეფიციტი ევროკავშირთან 235.6 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო მთლიანი იმპორტი 605.8 მილიარდი აშშ დოლარი. 235.6 ÷ 605.8 = 0.388 ან 39%. მიღებული ციფრი გავანახევროთ — და მივიღებთ 20% ტარიფს ევროკავშირზე. მოკლედ, საეჭვო მეთოდოლოგიაა.
მთავარი დარტყმა უკვე მიყენებულია, იმედი ვიქონიოთ, რომ ესეც ტრამპის მოლაპარაკებების ხელოვნების ნაწილია. — გიორგი ბეროშვილი
ჰედლაინები
ამბები სანქციების ფონზე

ფორბსის მილიარდერები
💰️ ფორბსმა მილიარდერების განახლებული სია გამოაქვეყნა. შარშანდელთან შედარებით, სიას 247 ახალი მილიარდერი შეემატა, რაც ჯამში 3028 ადამიანს ნიშნავს. პირველ ადგილზე ისევ ილონ მასკია, 342 მილიარდი აშშ დოლარით. შენი თავი თუ ვერ იპოვე, არ იდარდო, კიდევ ერთი წელი გაქვს.
📉 საფონდო ბირჟაზე დანაკარგებია. ყველაზე დიდი დარტყმა იმ კომპანიებმა მიიღეს, ვისი წარმოებაც აშშ-ის გარეთ მდებარეობს. ეფლის აქციები 9.25%-ით შემცირდა, ნაიკის 14.44%. ტექ კომპანიების აქციებიც დაეცა, ამაზონი 8.98%-ით, მეტა 8.96%, გუგლი 4.02%.
🚗 ტესლას გაყიდვები პირველ კვარტალში 13%-ით შემცირდა. ელექტრო ავტომობილების მწარმოებლისთვის ეს ყველაზე ცუდი კვარტალია 2022 წლის დასაწყისის შემდეგ. დაბალი გაყიდვები (336 681 მანქანა) ილონ მასკის პოლიტიკურ შეხედულებებს და მისი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მუშაობას უკავშირდება. თუმცა, ამის გარდა ტესლას ჩინური კომპანიებიც უწევენ კონკურენციას. პოლიტიკოს ცნობით, მასკი მალე დატოვებს თავის დროებით პოზიციას მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტში, რათა უფრო მეტი დრო დაუთმოს საკუთარ ბიზნესს. —გ.ბ.
ხელოვნური ინტელექტი
Ghibli-ს ტრენდი და ChatGPT

გასულ კვირაში სოციალური ქსელები Ghibli-სტილში შექმნილმა AI ხელოვნების ტრენდმა დაიპყრო.
ტრენდი ChatGPT-ის განახლებული სურათების გენერირების ფუნქციით გენერირდება, რომლი გაშვებამაც, OpenAI-ის ჩათბოტის გამოყენების რეკორდული ზრდა მოუტანა (ამ ფუნქციით დავაგენერირეთ დონალდ ტრამპის გამოსახულებაც ⬆️).
შედეგად:
მხოლოდ ერთ საათში ChatGPT-ს 1 მილიონზე მეტი ახალი მომხმარებელი შეუერთდა;
ChatGPT-ს კვირის აქტიურმა მომხმარებლებმა 150 მილიონს გადააჭარბა;'
ფუნქციის ვირუსულად გავრცელებამ სერვერების გადატვირთვა, გამოყენების შეზღუდვები და დროებითი შეფერხებები გამოიწვია.
საინტერესოა, რომ გამოითქვა შეშფოთებები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, თუ რამდენად ირღვევა Studio Ghibli-ის ინტელექტუალური საკუთრების სტუდიოს უნიკალური სტილის ხელოვნური ინტელექტით იმიტირებისას.
ვაჭრობა
რას წარმოადგენს ქართული ექსპორტი?

📦️ დღის მთავარ თემას დავუბრუნდეთ, საინტერესოა რომელ ქართულ ინდუსტრიებს შეეხება ყველაზე მეტად აშშ-ს ტარიფი, და საერთოდ რა პროდუქცია გაგვაქვს ექსპორტზე ყველაზე დიდი მოცულობით.
ფორბს საქართველოს მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ექსპორტის ძირითადი მიმართულება დსთ-ის ქვეყნები იყო (1.3 მილიარდი აშშ დოლარი), ხოლო ევროკავშირის წილმა 477 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ტოპ-10 საექსპორტო კატეგორიაში მოხვდა:
10 . სასუქები – $119 მლნ,
7. თხილი – $104 მლნ დოლარი,
5. ლითონის მადნები და წიდა – $335 მლნ,
3. სპირტი და სპირტიანი სასმელები – $250 მლნ
2. ღვინო – $275 მლნ
სრული სიის ნახვა თუ გინდა, შეგიძლია ფორბსის სტატია წაიკითხოთ.
ფინანსები
ყველაზე პოპულარული სესხი საქართველოში

🏦 სესხი ბიზნესის მთავარი მოტივატორია რაც საექსპორტო პროდუქტის წარმოებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. თუმცა, BPN-ის სტატიის მიხედვით საქართველოში სამომხმარებლო და კერძოდ 1000 ლარამდე ოდენობის სესხი ჯამური სესხების 48,22%-ს შეადგენს.
სესხების რანჟირება შემდეგია:
0.01-დან 1000 ლარამდე - 1 715 809 ხელშეკრულება (48.22%)
1000.01-დან 5 000 ლარამდე - 1 061 819 ხელშეკრულება (29.84%)
5000.01-დან 25 000 ლარამდე - 543 545 ხელშეკრულება (15.28%)
25 000.01-დან 100 000 ლარამდე - 185 120 ხელშეკრულება (5.2%)
100 000.01-დან 1 000 000 ლარამდე - 49 958 ხელშეკრულება (1.4%).
ტექნოლოგია
ქართული ჰაბი სილიკონ ველიზე

🤖 ეკონომიკის სამინისტრო სილიკონ ველიზე პირველ ტექნოლოგიურ ჰაბს გახსნას აანონსებს.
პროექტის გრძელვადიანი ამოცანაა ორმხრივი ინვესტიციების წახალისება და საქართველოს ინტეგრაცია გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში.
სხვა ნიუსები
გაინტერესებს რას გუგლავდნენ ქართველები გასულ კვირას? პირველ ადგილზე სენტ ეტიენი პარი სენ ჟერმენია, არ არის გასაკვირი, ორივე კლუბში ქართველი თამაშობს.
ისევ საფეხბურთო თემაზე — ტრანსფერმარკეტის ფეისბუკ გამოკითხვაში, ვიეტნამის წინააღმდეგ დავმარცხდით… არაუშავს, სამაგიეროდ რაინეარის გვერდზე შეგვიძლია ვცადოთ ბედი.
ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგში გადავიდა.
აშშ-ს ტარიფებს ვერც პინგვინები გადაურჩნენ.
